ავტორიზაცია
ფაზი-გადაწყვეტილების მიღების ზოგიერთი მეთოდის გამოყენება ლოჯისტიკის მიწოდებათა ჯაჭვის მართვაში
ავტორი: გვანცა ქევხიშვილისაკვანძო სიტყვები: მიწოდებათა ჯაჭვის მართვა, ფაზი, მრავალკრიტერიუმიანი გადაწყვეტილების მიღება
ანოტაცია:
მსოფლიო დღითიდღე უფრო და უფრო დიდი და გლობალური სავაჭრო ადგილი ხდება და ასეთი გარემო კომპანიებს აიძულებს ერთდროულად თითქმის ყველაფერი გაითვალისწინონ. კომპანიისთვის მოქნილობა იმისთვისაა საჭირო, რომ იყოს მუდმივად კონკურენტუნარიანი და სწრაფად რეაგირებდეს გარემოს ცვლილებებსა და მოთხოვნებზე. მიწოდებათა ჯაჭვის მართვამ, როგორც მიწოდებათა ჯაჭვის მასალებისა და ინფორმაციის დაგეგმვამ და მიმწოდებლიდან მომხმარებლამდე მიწოდების კონტროლის ინტეგრაციამ სისტემატიკურ მიდგომაში, დიდი ყურადღება მიიქცია. მიწოდებათა ჯაჭვის მართვაში ერთ- ერთი დიდი პრობლემა მდგომარეობს შესაბამისი მიმწოდებლის შერჩევაში, რომელსაც მნიშვნელოვანი გავლენა ექნება შესყიდვის ღირებულების შემცირებასა და ორგანიზაციის კონკურენციის უნარის გაზრდაზე. საუკეთესო მიმწოდებლის შერჩევა ბუნებრივად კომპლექსური პროცესია, რომელსაც მკაფიოდ განსაზღვრული სტრუქტურა არ აქვს და დამოკიდებულია მიმწოდებლის საქმიანობის ტიპზე. გადაწყვეტილების მიღების პროცესში მხედველობაში აუცილებლად მისაღებია მიმწოდებლების ისეთი ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლები, როგორიცაა ხარისხი, ფასი, მოქნილობა, გადახდის ვადა და ა.შ. შესაბამისად, მიმწოდებლის შერჩევა არის მრავალკრიტერიუმიანი გადაწყვეტილების მიღების (MCDM) ამოცანა, რის გადასაჭრელად აქამდე საკმაოდ დიდი რაოდენობის მეთოდია შემოთავაზებული. ამ ეტაპზე არსებობს რამდენიმე ცნობილი მიდგომა, როგორიცაა ანალიტიკური იერარქიული პროცესი (AHP), ანალიტიკური ქსელური პროცესი (ANP), TOPSIS, VIKOR, მონაცემთა კონვერტირების ანალიზი (DEA) და ფაზი-გადაწყვეტილების მიღება. მრავალკრიტერიუმიანი გადაწყვეტილების მიღება ბევრ დისციპლინაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ამოცანაა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში მკვლევარები იყენებდნენ ამ მეთოდებს სამრეწველო ინჟინერიაში გადაწყვეტილების მიღებისთვის. ყველა ზემოთხსენებულ მეთოდს აქვს იმის საშუალება, რომ მიიღოს გადაწყვეტილება სუბიექტური ინფორმაციის არსებობისა და უზუსტობების დროს და ყველა მათგანს თავისი უპირატესობები აქვს. მოცემულ ნაშრომში შევადარებთ მიწოდების ჯაჭვის მართვის მრავალკრიტერიუმიანი გადაწყვეტილების მიღების ამოცანის ორი მეთოდის, VIKOR და TOPSIS, შედეგებს. ორივე მეთოდი იყენებს ფაზი-ლოგიკას, რათა გადაჭრან ისეთი პრობლემები, რომელთაც აქვთ კონფლიქტური და ერთმანეთთან არათანაზომადი (სხვადასხვა ერთეულის მქონე) 3 კრიტერიუმები იმის გათვალისწინებით, რომ კომპრომისი მისაღებია კონფლიქტის აღმოფხვრისთვის. გადაწყვეტილების მიმღებს სურს გადაწყვეტილება, რომელიც უნდა იყოს ყველაზე ახლოს იდეალურ გადაწყვეტილებასთან. ალტერნატივები შეფასდება შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით. ლინგვისტური ცვლადები გამოყენებულია კონფლიქტური ფაქტორების შეფასებისა და წონების მინიჭებისათვის. ეს ლინგვისტური შეფასებები შესაძლებელია გამოიხატოს სამკუთხა ფაზი-რიცხვებით.