ავტორიზაცია
ღვინის ანტიოქსიდანტური აქტივობის შეფასება ბიოფიზიკური მეთოდების გამოყენებით
ავტორი: ზურა გაფრინდაშვილიანოტაცია:
უკანასკნელ ათწლეულში ცოცხალ ორგანიზმებზე მოქმედი გარემო ფაქტორების მიერ გამოწვეული ნეგატიური ეფექტებიდან, რომლებიც მთელი რიგი პათოლოგიური ცვლილებებით ხასიათდება, განსაკუთრებით საყურადღებო გახდა ე.წ ჟანგვითი სტრესი, რომელიც უჯრედებში თავისუფალი რადიკალების წარმოქმნითა და გამრავლებითაა განპირობებული. მათი მოქმედებით გამოწვეული უარყოფითი ეფექტებიდან ძირითადად აღსანიშნავია ლიპიდების მემბრანის, ცილის მოლეკულების და სისხლძარღვების დაზიანება, გენეტიკური სტრუქტურების რღვევა, გულსისხლძარღვთა დაავადებები და სხვ. ადამიანის ორგანიზმს, ნორმალური ფუნქციონირების შემთხვევაში, გააჩნია საკმაოდ მძლავრი ანტიოქსიდანტური სისტემა თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედების წინააღმდეგ. ამგვარ ანტიოქსიდანტურ სისტემებს მიეკუთვნება ფლავანოიდები, რომლებიც დიდი რაოდენობით გვხვდება სხვადასხვა მცენარეში, განსაკუთრებით კი- ყურძენში. ადამიანის ორგანიზმზე ღვინის დადებითი გავლენა, სწორედ ფენოლური ნაერთების შემცველობასა და კომპოზიციაზეა დამოკიდებული, რომლებიც განსაზღვრავენ ღვინის ანტიოქსიდანტურ თვისებებს, რისი შესწავლაც გახლავთ სწორედ ჩემი ამოცანის მიზანი. ღვინის ანტიოქსიდანტური მახასიათებლების შესაფასებლად წარმოდგენილ ნაშრომში განხილულია ორი ძირითადი ბიოფიზიკური მეთოდი: 1. ლუმინოლის ქემილუმინესცენცია, რომელიც საშუალებას გვაძლევს მაქსიმალურად სრულყოფილად, სწრაფად და ნაკლებ დანახარჯიანად შევაფასოთ ღვინის ანტიოქსიდანტური და მედიკო -ბიოლოგიური პოტენციალი. 2. ელექტრონული პარამაგნიტური რეზონანსი-დაუწყვილებელი ელექტრონების დახმარებით ნივთიერებეის შესწავლის მეთოდი, რომლის საშუალებითაც განვსაზღვრავთ ღვინის ანტიოქსიდანტურ აქტივობას გარკვეული სპინ-ხაფანგების მეშვეობით, რომელთა შესაბამისი ადუქტიც(მიერთების რეაქციის პროდუქტი) თავისუფალ რადიკალთან იძლევა მისთვის დამახასიათებელ ეპრ სპექტრს.