ავტორიზაცია

ტალღური ველის სინგულარობების მნიშნელობა ოპტიმალური ანტენის სინთეზის ამოცანაში
ავტორი: ჯემალ მანჯგალაძეანოტაცია:
სამაგისტრო ნაშრომი ეხება ოპტიმალური ანტენის სინთეზის სამგანზომილებიანი ამოცანის გადაჭრას ახალი ეფექტური მეთოდით. განხილული ამოცანა გულისხმობს რიცხვითი ექსპერიმენტების გამოყენებით მოიძებნოს მინიმალური რეაქტიული ველის მქონე და თავისუფალ გარემოსთან საუკეთესოდ შეთანხმებული ანტენა, რომელსაც გააჩნია წინასწარ მოცემული სასურველი დიაგრამა შორ ზონაში. დღეისათვის ცნობილი მეთოდებით და კომპიუტერული პროგრამებით, შესაძლოა ამოიხსნას ელექტროდინამიკის მრავალი სახის პირდაპირი ამოცანა, თუმცა ოპტიმალური ანტენის სინთეზის ამოცანაში მათი გამოყენება ძალზედ რთულია და ხშირად შეუძლებელიც. ეს აიხსნება იმით, რომ განხილული პრობლემის გადაჭრა დაკავშირებულია შებრუნებული ამოცანის ამოხსნასთან. სასურველი დიაგრამის მქონე ანტენის მისაღებად ინჟინრები ხშირ შემთხვევაში იყენებენ მხოლოდ საკუთარ ინტუიციას და გამოცდილებას, რაც ზოგადად ვერ უზრუნველყოფს მიღებული ანტენის ოპტიმალურობას. კერძოდ, ასეთ ანტენას შეიძლება გააჩნდეს მაღალი რეაქტიული ველი და იგი შესაბამისად არ იქნება უსაფრთხო ახლო მდებარე ობიექტებისათვის. სამაგისტრო ნაშრომში შემოთავაზებულია ახალი ეფექტური მეთოდი, რომელიც დაკავშირებულია მოცემული შორი ველის სინგულარობების განაწილების განსაზღვრასთან. ძირითადი იდეის თანახმად სწორედ მათი განაწილება გვიჩვენებს ყველაზე ოპტიმალური ანტენის სტრუქტურას. შემუშავებული მეთოდი ითვალისწინებს დამხმარე გამომსხივებლების მეთოდის გამოყენებას, რომელსაც საფუძვლად უდევს ველის ანალიზურობის თვისება და მისი ანალიზური გაგრძელების ერთადერთობა. სწორედ ველის ანალიზური გაგრძელების საშუალებით ხდება შესაძლო განისაზღვროს მისი სინგულარობების განაწილება. აღნიშნული მიდგომა ზოგადია იმ თვალსაზრისით, რომ იგი რჩება სამართლიანი საკმაოდ ფართო სიხშირულ დიაპაზონში, სადაც სამართლიანია ელექტრომაგნიტური ველის მაქსველის კლასიკური თეორია. მეთოდის საფუძველზე შეიქმნა კომპიუტერული პროგრამა რიცხვითი ექსპერიმენტების ჩასატარებლად და მიღებულია საინტერესო შედეგები, რომლებიც წარმოდგენილია ამ ნაშრომში.