ka | en
TSU

საშარდე გზების ინფექციების გამომწვევი Escherichia coli შტამების მგრძნობელობის შესწავლა ანტიბიოტიკებისა და ბაქტერიოფაგების მიმართ

ავტორი: ნათია ძიგრაშვილი
ანოტაცია:

ბაქტერიული ინფექციების მკურნალობა თანამედროვე მედიცინის მსოფლიო მასშტაბის სერიოზული პრობლემაა, რომელიც წარმოიშვა ბაქტერიების მიერ განვითარებული ანტიბიოტიკორეზისტენტობის გამო. გრამ-უარყოფითი მიკროორგანიზმები, მათ შორის Escherichia სახეობები ხასიათდებიან ბოლო თაობის ანტიბიოტიკების მიმართ მაღალი ბუნებრივი და შეძენილი რეზისტენტობით. ანტიბიოტიკების თერაპიული ეფექტურობის შემცირების ფონზე აუცილებელი ხდება Escherichia მიკროორგანიზმებთან ასოცირებული ინფექციების საწინააღმდეგოდ განსხვავებული სტრატეგიის შემუშავება. დღეისათვის ბაქტერიოფაგების ანტიმიკრობული თვისებების პრაქტიკული გამოყენება განიხილება, როგორც ანტიბიოტიკო-თერაპიის ალტერნატივა. აღსანიშნავია ბაქტერიოფაგების თერაპიული პოტენციალიც, რადგან შესაძლებელია გარემოს ნიმუშებიდან დაავადების გამომწვევი და მრავლობით ანტიბიოტიკო-რეზისტენტული პათოგენური ბაქტერიის მიმართ აქტიური, ინდივიდუალური ფაგის გამოყოფა. კვლევის მიზანს წარმოადგენდა უროპათოგენური Escherichia coli შტამების მგრძნობელობის განსაზღვრა ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების და ბაქტერიოფაგების მოქმედების მიმართ და მათი თერაპიული პოტენციალის შეფასება. კლინიკური უროგენიტალური მასალიდან გამოყოფილი ბაქტერიული შტამების ზუსტი სახეობრივი კუთვნილება დადგენილია BioMérieux-ის ფირმის API 20E საიდენტიფიკაციო სისტემის გამოყენებით. ორმაგი დისკების დიფუზიის მეთოდით შესწავლილია იდენტიფიცირებული 41 Escherichia coli შტამის მგრძნობელობა 15 ანტიბიოტიკის მიმართ. „Spot test” მეთოდით შესწავლილია იგივე 41 შტამის მგრძნობელობა 4 საწარმოო და 5 ინდივიდუალური ბაქტერიოფაგის მიმართ. ჩატარებული კვლევებით დადგენილია, რომ იდენტიფიცირებული 41 Escherichia coli შტამიდან ყველა რეზისტენტულია ოქსაცილინის და ერითრომიცინის მოქმედების მიმართ. ამასთან, ყველა მათგანი მგრძნობიარეა ანტიბიოტიკ იმიპინემის მიმართ; ექსპერიმენტული მონაცემების შესაბამისად, შტამები მეტად ავლენენ მგრძნობელობას საწარმოო ბაქტერიოფაგების პრეპარატების, განსაკუთრებით SES ბაქტერიოფაგის მოქმედების მიმართ, ვიდრე ინდივიდუალური, ბაქტერიის სხვა შტამებზე მორგებული ფაგების მიმართ. გამოვლინდა ანტიბიოტიკების და ბაქტერიოფაგების ურთიერთგადამფარავი ანტიბაქტერიული მოქმედება.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com