ავტორიზაცია
პესტიციდ ტრიადიმეფონის ენანტიომერიზაციის და რაცემიზაციის კინეტიკური გამოკვლევა
ავტორი: საბა ჯორბენაძესაკვანძო სიტყვები: რაცემიზაცია, ენანტიომერიზაცია, კინეტიკა
ანოტაცია:
ტრიადიმეფონი სოფლის მეურნეობაში ფართოდ გამოყენებულ ქირალურ ფუნგიციდს წარმოადგენს. ის გამოიყენება როგორც სათესლე მასალის (ხორბალი, სიმინდი, ბამბა და ა.შ.), ასევე ხილის (ციტრუსები, ბანანი, ანანასი და ა.შ.) და მცენარეების (ფიჭვის ნერგები, საახალწლო ნაძვისხეები, დეკორატიული მცენარეები და ა.შ.) დასაცავად სოკოვანი დაავადებებისგან. ქირალური პესტიციდებისთვის განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მათი რაცემატების ნაცვლად მხოლოდ აქტიური ენანტიომერის გამოყენების საკითხს, რაც საშუალებას მოგვცემდა ორჯერ შეგვემცირებინა პესტიციდის გამოყენებული დოზა და ამ გზით თავიდან აგვეცილებინა პესტიციდების არასასურველი გვერდითი მოქმედება. სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ის საკითხი, რომ ამა თუ იმ ბიოლოგიურად აქტიური ქირალური ნივთიერების ენანტიომერულად სუფთა ფორმამ შეიძლება დანიშნულების ობიექტში გამოყენებისას განიცადოს რაცემიზაცია და მისგან სწრაფად წარმოიქმნას რაცემატი, რაც გამოიწვევს ბიოლოგიური აქტიურობის მკვეთრ შემცირებას. აქედან გამომდინარე ბიოლოგიურად აქტიური ქირალური ნივთიერებების ენანტიომერიზაციის და რაცემიზაციის პროცესების კინეტიკური გამოკვლევა თანამედროვე ქიმიის აქტუალურ საკითხს წარმოადგენს. წინამდებარე სამუშაოს მიზანს წარმოადგენდა ტრიადიმეფონის ენანტიომერიზაციის და რაცემიზაციის პროცესების გამოკვლევა დინამიური ქრომატოგრაფიის და კლასიკური ქიმიური კინეტიკის მეთოდების გამოყენებით, შესაბამისად. რადგანაც დინამიური ქრომატოგრაფია ქრომატოგრაფიულ სვეტზე ხორციელდება გარკვეული შედგენილობის მქონე მოძრავ ფაზაში, თეორიულად შესაძლებელია მოძრავი ფაზის ზოგიერთი კომპონენტის, როგორც პროცესის ჰომოგენური კატალიზატორის, ხოლო ქრომატოგრაფიული ადსორბენტის, როგორც ჰეტეროგენული კატალიზატორის, გავლენა ენანტიომერიზაციის პროცესზე. ამ საკითხებს აქამდე ჩატარებულ გამოკვლევებში ყურადღება არ ეთმობოდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვსწავლობდით ენანტიომერიზაციის პროცესს 2 სხვადასხვა ქრომატოგრაფიულ ადსორბენტზე და გარდა ამისა, ყურადღებას ვამახვილებდით დიეთილამინის შესაძლო კატალიზურ როლზე ამ პროცესში.