ავტორიზაცია
სკოლებში წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის პირობების უზრუნველყოფის გლობალური ინიციატივა(WASH) და საქართველო
ავტორი: მარინა ჩიჩუასაკვანძო სიტყვები: გარემო, წყალი, სანიტარია, ჰიგიენა
ანოტაცია:
სკოლებში წყლის, სანიტარიული და ჰიგიენური პირობებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება საქართველოში ზოგადი განათლების პოლიტიკის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და პარტნიორი დონორი ორგანიზაციები აღიარებენ, რომ ამ კუთხით ეფექტური ინტერვენციების განსახორციელებლად აუცილებელია არსებული მდგომარეობის სისტემურად შესწავლა, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სანიტარიულ-ჰიგიენური და წყლის მდგომარეობის მკაფიო და დეტალური სტანდარტების ამოქმედება და მონიტორინგის გამართული სისტემის შექმნა. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ზოგადად, საქართველოს საჯარო სკოლებში დღეისათვის არასახარბიელო მდგომარეობაა წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის (WASH) საერთაშორისო სტანდარტის ყველა ძირითადი პუნქტის მიხედვით. მდგომარეობა შედარებით უკეთესია დედაქალაქისა და სხვა ურბანული დასახლებების სკოლებში, ვიდრე სოფლად. სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების მონიტორინგის კუთხით განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს ნაციონალური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონები -სამცხე- ჯავახეთი და ქვემო ქართლი, სადაც ყველა ინდიკატორის მიხედვით მდგომარეობა სხვა რეგიონებთან შედარებით უარესია. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც სკოლებში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების უზრუნველყოფა საზოგადოებისათვის უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს, არის სკოლის გარემოს მნიშვნელოვანი გავლენა მოსწავლეთა ზოგადი სოციალური ჩვევებისა და ქცევის წესების ჩამოყალიბებაზე. შესაბამისად, სკოლაში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესება, აგრეთვე აუმჯობესებს სანიტარიისა და ჰიგიენის ზოგად პრაქტიკას საზოგადოებაში. საქართველო, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრი სხვა ქვეყანა, ამ რეკომენდაციებზე დაყრდნობით სკოლების წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის საკუთარი ეროვნული სტანდარტების შემუშავების პროცესშია.