ka | en
TSU

ფრთალაქიანი დროზოფილას (Drosophila suzukii) პოპულაციის მონიტორინგი მოცვის პლანტაციებში (ზუგდიდის რაიონი)

ავტორი: ანი ქირია
საკვანძო სიტყვები: Drosophila suzukii, მონიტორინგი, ფრთალაქიანი დროზოფილა
ანოტაცია:

ფრთალაქიანი დროზოფილა (Drosophila suzukii) ინვაზიური მწერია, რომელიც აზიანებს ჯანსაღ, მწიფობაში შესულ ხილს, ძირითადად კენკროვან კულტურებსა (მოცვი, მაყვალი, მარწყვი, ჟოლო) და სხვა რბილ, თხელკანიან კურკოვნებს, როგორებიცაა ბალი და ალუბალი. ამ მავნებელს მხოლოდ ევროპაში, 80-ზე მეტი მასპინძელი მცენარე ჰყავს, მათ შორისაა ველური, დეკორატიული და კულტურული მცენარეები. საქართველოში მავნებლის არსებობა 2018 წელს დარეგისტრირდა, თუმცა ჯერჯერობით მის მიერ მიყენებული ზიანი არ არის თვალსაჩინო. პოტენციური ზიანის პრევენციისათვის და მავნებლის გავრცელების არეალის შესასწავლად მიმდინარეობს კვლევა, რათა შეფასდეს საფრთხის დონე და ჩარევის საჭიროება. ზემოთხსენებული პროცესის ეფექტურობისთვის, დამაჯერებლობისთვისა და სანდოობისთვის მავნებლის მონიტორინგს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მოცემული კვლევა მიზნად ისახავდა ფრთალაქიანი დროზოფილას არსებობისა და გავრცელების გამოკვლევას ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, რისთვისაც შემუშავდა ლოკალური მონიტორინგის ეფექტური სისტემა ფერომონიანი ხაფანგების გამოყენებით, შეფასდა პოპულაციის ზომა და ჩარევის საჭიროება. კვლევა ჩატარდა 2021 წლის მაისი - ივნისის პერიოდში სამეგრელოს რეგიონში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულ მოცვის პლანტაციებში. ხაფანგები დამონტაჟდა სამ ნაკვეთზე არსებულ მოცვის ბუჩქებზე. ნიმუშების აღება ხდებოდა ყოველ შვიდ დღეში. ჩატარებული კვლევის შედეგად დადასტურდა ფრთალაქიანი დროზოფილას არსებობა სამეგრელოს რეგიონში, თუმცა ნაკვეთებზე არსებული პოპულაციის რიცხვი ძალიან დაბალია და არ შეუძლია ეკონომიკური ზიანის მიყენება. მიუხედავად მცირე რიცხოვნობისა, მონიტორინგის გაგრძელება აუცილებელია.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com