ავტორიზაცია
ქვერცეტინის მოქმედების შესწავლა ვირთაგვის ღვიძლში ზოგიერთი გლუტათიონ დამოკიდებული ანტიოქსიდანტური ფერმენტის გენების ექსპრესიაზე
ავტორი: აკაკი პეტრიაშვილისაკვანძო სიტყვები: ქვერცეტინი, გენის ექსპრესია, გლუტათიონ პეროქსიდაზა(Gpx), გლუტათიონ რედუქტაზა(Gsr), გლუტათიონ-S-ტრანსფერაზა(Gstp), უკუტრანსკრიპტაზული პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია რეალურ დროში_RT qPCR.
ანოტაცია:
ნორმალური მეტაბოლური ფუნქციების შესრულების დროს, მაგალითად უჯრედში ენერგიის წარმოქმნისა და მიტოქონდრიული სუნთქვისას, წარმოიქნება მაღალი რეაქტიულობის უნარის მქონე ნაერთები - თავისუფალი რადიკალები. თავისუფალი რადიკალები ნორმაში წარმოადგენენ სასიგნალო მოლეკულებს. ამასთან ერთად, ისინი შესაძლოა გარემოს ზემოქმედების შედეგად მოხვდნენ ორგანიზმში. ეს მოლეკულები ძალიან არამდგრადები და არასტაბილურები არიან, ელექტრონების გარე შრეზე გაუწყვილებელი ელექტრონების არსებობის გამო. ისინი შედიან რეაქციაში უჯრედში არსებულ ბიო-მოლეკულებთან, როგორებიცაა: ცილები, ლიპიდები, ნახშირწყლები და ნუკლენის მჟავები და აზიანებენ მათ, რასაც ოქსიდაციურ სტრესს უწოდებენ. შედეგად ირღვევა უჯრედის სასიცოცხლო სტრუქტურა და ფუნქცია, რაც საბოლოოდ სხვადასხვა პათოლოგიურ მდგომარეობას იწვევს. ოქსიდაციური სტრესისგან თავის დასაცავად ორგანიზმს გააჩნია ანტიოქსიდანტური სისტემები: ფერმენტული და არაფერმენტული. ეს სისტემები უზრუნველყოფენ ორგანიზმის დაცვას ოქსიდაციური სტრესით მიყენებული დაზიანებებისგან. ამიტომაც საინტერესოა ორგანიზმში ანტიოქსიდანტური სისტემების ერთმანეთთან ურთიერთქმედების და მათ ფუნქციონირებაზე გარეგანი ზემოქმედების შედეგების შესწავლა. კვლევის მიზანს წარმოადგენდა ფერმენტულ და არაფერმენტულ ანტიოქსიდანტურ სისტემებს შორის დამოკიდებულების შესწავლა. კერძოდ, ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების, როგორიცაა პოლიფენოლები/ფლავანოიდები, კონკრეტულად კი, ქვერცეტინის გავლენის შესწავლა ანტიოქსიდანტური ფერმენტების - გლუტათიონ პეროქსიდაზას(Gpx), გლუტათიონ რედუქტაზას(Gsr) და გლუტათიონ-S-ტრანსფერაზას(Gstp) მაკოდირებელი გენის ექსპრესიის ხარისხზე. ცდის საკვლევ ობიექტს წარმოადგენდა თეთრი ლაბორატორიული ვირთაგვები. კვლევის განმავლობაში გამოყენებული იყო შემდეგი მეთოდები: რნმ-ის ექსტრაქცია(გამოყოფა), გამოყოფილი რნმ-ის რაოდენობრივი და ხარისხობრივი ანალიზი, უკუტრანსკრიფცია - რნმ მატრიციდან კომპლემენტარული დნმ-ის ( cDNA) მიღება, პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია რეალურ დროში RT qPCR გენის ექსპრესიის ხარისხის კვლევისთვის.