ავტორიზაცია
იბუპროფენის ადსორბციის ქრომატოგრაფიული კვლევა პოლისაქარიდული ბუნების ზოგიერთ ქირალურ ადსორბენტზე
ავტორი: გიორგი კობიძესაკვანძო სიტყვები: ენანტიომერები, თერმოდინამიკა, ენთალპია, ენტროპია
ანოტაცია:
ჩვენი კვლევის მიზანი იყო ენანტიომერების დაყოფის თერმოდინამიკური პარამეტრების შესწავლა მაღალეფექტურ სითხურ ქრომატოგრაფიაში, რაც საშუალებას იძლევა მოცემული ნივთიერებისთვის, მოცემულ სვეტზე წინასწარ განისაზღვროს ანალიზისთვის საჭირო პირობები და მიღწეულ იქნას სასურველი სელექტიურობა და ელუირების რიგი. თერმოდინამიკური პარამეტრების შედარება მოვახდინეთ ერთსა და იმავე მოძრავ ფაზაში სამ განსხვავებულ სტაციონალურ ფაზაზე. გაანალიზებული ნივთიერებების დაყოფის ფაქტორის ნატურალური ლოგარითმის დამოკიდებულების გრაფიკის მიხედვით აბსოლუტური ტემპერატურის შებრუნებულ სიდიდეზე, გამოვთვალეთ ადსორბციის ენთალპიისა და ენტროპიის მნიშვნელობები და მათი სხვაობები ორივე ენანტიომერისთვის. შევისწავლეთ ენტოპიულ თუ ენთალპიურ ხასიათს ატარებს მოცემულ სვეტზე ენანტიომერების დაყოფის მექანიზმი და როგორია ტემპერატურის გავლენა შეკავებისა და დაყოფის პროცესებზე. იმისათვის რომ გამოგვეთვალა თერმოდინამიკური პარამეტრები ექსპერიმენტი ჩავატარეთ სხვადასხვა ტემპერატურაზე. ამავდროულად ჩვენ დავინახეთ, რომ ტემპერატურა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქირალურ გამოცნობის მექანიზმზე, ჩვენი ინტერესი მდგომარეობდა იმაში, რომ გაგვერკვია ქირალური გამოცნობის მექანიზმის ცვლილება ხომ არ იყო გამწვეული ქირალური სელექტორის სტრუქტურის ცვლილებით. ამისათვის ანალიზი ჩავატარეთ 10-60°C ტემპერატურულ შუალედში 5° ინტერვალით. ექსპერიმენტებისთვის შეირჩა რამდენიმე მჟავა ბუნების ნივთიერება, კერძოდ არილპროპიონის მჟავას ნაწარმები, რომლებიც არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებებია. მოცემულ ნაშრომში განხილული იქნება არილპროპიონის მჟავას ერთ-ერთი ნაწარმი იბუპროფენი. ამ ჯგუფის წამლები გამოიყენება, როგორც ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები. მათი სტერეოიზომერების დაყოფა მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად მხოლოდ ერთი ენანტიომერი ხასიათდება ფარმაკოლოგიური აქტიურობით, ხოლო მეორე უმოქმედო ან ზოგიერთ შემთხვევაში ტოქსიკურიც კი არის.
მიმაგრებული ფაილები:
იბუპროფენის ადსორბციის ქრომატოგრაფიული კვლევა პოლისაქარიდული ბუნების ზოგიერთ ქირალურ ადსორბენტზე [ka]