ka | en
TSU

უკიდურეს აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს არიდული რაიონების სწორფრთიანები (Insecta:Orthoptera) დავით გარეჯას ღრმულისა და ადიგენი-ასპინძის ეკოტონთა მაგალითზე

ავტორი: მარიამ ბედუკაძე
საკვანძო სიტყვები: სწორფრთიანები, ჰემიმეტაბოლა, გრეგარიანული ფაზა, სოლიტარული ფაზა, სეროტონინი.
ანოტაცია:

ბიოსფეროს ხმელეთის გარემოში მწერთა ზეკლასი (Insecta) უხერხემლო ცხოველებს შორის ყველაზე წარმატებული ჯგუფია. მწერების წარმატება განაპირობა სამმა ფენომენმა: 1. ატმოსფეროს დაპყრობამ; 2. ცეფალიზაციამ (თავი არის გამოყოფილი სხეულის სხვა ნაწილისაგან) 3. სასიცოცხლო ციკლში ჭუპრის ფაზის ფორმირებამ (Holometabola). სწორფრთიანები (Orthoptera), კერძოდ კალიისებრნი (Acrididae) განსაკუთრებულად მრავალფეროვანი ჯგუფია, რომელთაც არ ახასიათებთ ჭუპრის ფაზა და შესაბამისად მიეკუთვნებიან Hemimetabola-ს. მიუხედავად იმისა, რომ არასრული მეტამორფოზი ახასიათებთ მაინც ისეთივე წარმატებულები არიან როგორც მწერთა სხვა რიგები: ქერცლფრთიანები (Lepidoptera), ხეშეშფრთიანები (Coleoptera), ორფრთიანები (Diptera), სიფრიფანაფრთიანები (Hymenoptera) და ა.შ. ყველა ჩამოთვლილთათვის დამახასიათებელია სრული მეტამორფოზი - სასიცოცხლო ციკლში გააჩნიათ კვერცხის, ლარვის, ჭუპრისა და ზრდასრული მწერის სტადიები. სწორფრთიანები კი, როგორც ითქვა, ვითარდებიან უჭუპროდ, კერძოდ სასიცოცხლო ციკლში გააჩნიათ კვერცხის, ლარვისა და ზრდასრული მწერის ფაზები. მდედრი კალია შეწყვილების შემდეგ ნიადაგში თხრის ორმოს კვერცხსადებით და ამ ორმოში დებს წებოვან სუბსტანციაში მოთავსებულ კვერცხების გროვას. განვითარების რამოდენიმე კვირის შემდეგ უმრავლესი სახეობის კვერცხები გადადიან დიაპაუზაში (ჰიბერნაცია), მთელი შემოდგომა და ზამთარი. „დაცემენტებული“ კვერცხების გროვა ნიადაგში ნაკლებად მოწყვლადია გარემოს აბიოტური და ბიოტური ფაქტორების მიმართ, სწორედ ეს არის არსი იმ გარემოებისა, რომ სწორფრთიანები არ გადავიდნენ მწერთა რიგებში ესოდენ დამახასიათებელ ანატომიურ თავისებურებებზე-ჰოლომეტაბოლის გზით განვითარებაზე, ე.ი. კვერცხების საიმედო „დაცემენტებამ“ კომპენსაცია მოახდინა ჭუპრის ფაზისა. სწორფრთიანები როგორც მცენარის მომხმარებლები, რიგ შემთხვევაში, უდიდეს ზიანს აყენებენ აგროცენოზებსა და ბიოცენოზებს ვინაიდან სოლიტარული ფაზიდან, გადადიან ჯოგური ანუ გრეგარიანული ფაზის მდგომარეობაში. ეს უკანასკნელი კი, მწერთა სხვა რიგებისათვის იშვიათი შემთხვევაა. მწერების სოლიტარული ანუ ერთეული ფაზიდან ჯოგურ ფაზაში გადასვლას განაპირობებს ჰორმონი - სეროტონინი. გამოყოფილი ჰორმონი წარმოადგენს ინიციაციის ფაქტორს და შედეგად მწერი ცვლის ქცევას და გადადის გრეგარიანულ ფაზაში. უზარმაზარ აგრეგაციულ ჯგუფებში ვხვდებით მილიონობით კალიას, რომლებიც გადაჭიმულნი არიან ასობით კილომეტრზე და ანადგურებენ ყოველივე მწვანეს. სამაგისტრო ნაშრომის თემატიკის შესაბამისად, ჩვენს დაკვირვებებს ვაწარმოებდით უკიდურეს აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს არიდულ რაიონებში კერძოდ, დავით გარეჯას ღრმულისა და ადიგენი-ასპინძის ეკოტონებში. მოპოვებულია 145 ეგზემპლარი, 3 გვარი და 3 სახეობა. მოპოვებულ სახეობებს შორის არის იტალიური კალია, რომელიც რიგ წლებში ამჟღავნებს სწორედ გრეგარიანულ თვისებას. სამომავლოდ, სწავლების შემდეგ საფეხურზე ვგეგმავთ კალიების ნიმუშების შეგროვებას უფრო ფართო მასშტაბით და ამავე დროს, განსხვავებულ ჰაბიტატებიდან. შესაბამისად, მოგვეცემა საშუალება განვსაზღვროთ ამ ჯგუფის ტაქსონომია და ბიოცენოზებზე მათი ზეგავლენის შეფასების შესაძლებლობა.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com