ავტორიზაცია
„ბოტულიზმის მოლეკულურ-გენეტიკური დიაგნოსტიკა პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის გამოყენებით საქართველოში.“
ავტორი: მარი გავაშელიძესაკვანძო სიტყვები: ბოტულინოტოქსინები, რ-პჯრ
ანოტაცია:
Clostridium botulinum ბაქტერია - არის სპორების წარმომქმნელი, ობლიგატური ანაერობული, გრამ დადებითი ჩხირი, რომელიც წარმოქმნის ნეიროტოქსინს (BoNT) და ამიტომაც არის ბოტულიზმის ეტიოლოგიური აგენტი. ბოტულიზმი არის მწვავე ნეიროპარალიტიკური დაავადება, რომელიც გამოწვეულია ყველაზე ძლიერი ტოქსინით. ცნობილია როგორც BoNT სახელწოდებით, ამიტომ ის შეიძლება არასწორად იყოს გამოყენებული, როგორც ბიოლოგიური იარაღი. BoNT დაყოფილია ნეიროტოქსინების 7 ანტიგენურ ტიპად (A-G), რომელთაგანაც ადამიანების შემთხვევებში ვხვდებით A, B, E და F ტიპებს. სხეულში მოხვედრის გზის მიხედვით ცნობილია, საკვებით გამოწვეული, კანის, ინექციური, ინჰალაციური (სუნთქვითი). საქართველო, რომელსაც აქვს სახლში კონსერვების დამზადების ტრადიცია, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ქვეყანაა, საკვებით გამოწვეული ბოტულიზმით. ბოლო 2 წლის განმავლობაში სახლში მომზადებული დაკონსერვებული ბოსტნეული ბოტულიზმის მთავარი მიზეზი იყო. 2019 წელს გამოვლენილია 11 შემთხვევა, ხოლო 2020 წელს 9-ვე შემთხვევა ბოსტნეულის კონსერვებს უკავშირდება. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადეობრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (დკსჯეც), საქართველოში რეგულარულად იღებს კლინიკურ ნიმუშებს ბოტულიზმის დიაგნოზისთვის. ჯერჯერობით, რუტინული დიაგნოსტიკა ემყარება იზოლაციას, კულტივაციას და დადასტურებას BoNTs-ის თაგვის ბიოანალიზებით, რომელიც ჯერ კიდევ ოქროს სტანდარტია. თუმცა ეს მეთოდი ძვირია, შრომატევადი და ნელი. რაოდენობრივი რეალური-დროის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (qPCR) მისი მაღალი მგრძნობელობით, სპეციფიკურობითა და მცირე ხანგრძლივობით არის მნიშვნელოვანი (არსებითი) მეთოდი მოლეკულური ტესტირებისათვის კლინიკურ დიაგნოსტიკაში. ამიტომ, ჩვენი მიზანია, გავაფართოვოთ BoNTs-ის რუტინული დიაგნოსტიკა დკსჯეც-ში ოთხმაგი (კვადრუპლექსი) რეალური-დროის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის ანალიზით. qPCR-ის გადამოწმების მიზნით სპეციალურად შემუშავებულია პლაზმიდები, რომლებიც შეიცავენ BoNTs-ის გენის 4 ფრაგმენტს (A, B, E, F). გამოიყენება როგორც დადებითი კონტროლი. მთლიანი პროცესი ტარდება რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევის ცენტრის ლაბორატორიაში და პროცედურის წარმატებით დასრულების შემდეგ qPCR სეროლოგიურ და ბაქტერიოლოგიურ ტესტებთან ერთად შევა ეროვნულ ლაბორატორიულ დიაგნოსტიკურ ალგორითმში. საერთო ჯამში, ეს მიღწევა მნიშვნელოვანია ადრეული და ზუსტი დიაგნოზის, ეპიდემიოლოგიური კონტროლისა (მეთვალყურეობის) და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის. აღნიშნული კვლევა გერმანიის ბიოუსაფრთხოების პროგრამის ნაწილია: დასავლეთ აზიის ქსელის შექმნა ბიოუსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით კავკასიის რეგიონში.