ავტორიზაცია
"იაპონური ხოჭოს (Popillia japonica) ინვაზიის მონიტორინგი თბილისის აეროპორტის შემოგარენში"
ავტორი: კონსტანტინე ბუჩუკურისაკვანძო სიტყვები: Popillia japonica, თბილისის აეროპორტი, მონიტორინგი
ანოტაცია:
იაპონური ხოჭო Popillia japonica ულვაშფირიტოვანთა (Scarabidae) ოჯახის წარმომადგენელი, ინვაზიური, ჰერბივორი მწერია, 79-ოჯახის, 300-ზე მეტი სახეობის მასპინძელი მცენარით. ზრდასრული მწერები აზიანებენ ხილს, ბოსტნეულს, მარცვლოვანს და სხვა აგროკულტურებს, დეკორატიულ და ველურ მცენარეებს, ლარვები კი იკვებებიან ბალახოვანი და საძოვარი მცენარეულობის ფესვებით, შესაბამისად დიდ ზიანს აყენებენ გაზონებს, გოლფის მოედნებსა და საძოვრებს. იაპონური ხოჭო საქართველოში აქამდე არ დაფიქსირებულა. მავნებლის მიერ არეალის სწრაფი გაფართოების გამო შესაძლებელია მისი შემოჭრა ჩვენს ქვეყანაშიც და შესაბამისად, ჩვენი კვლევა მიზნად ისახავდა მისი არსებობის შესწავლას და გავრცელების მონიტორინგს. საკვლევ ტერიტორიად თბილისის აეროპორტის შემოგარენი შეირჩა (ვინაიდან მავნებლის ინვაზია ხშირ შემთხვევაში თვითმფრინავების მიერ ტვირთის ჩამოტანასა და მგზავრების ინტენსიურ გადაადგილებას უკავშირდება), სადაც ამა წლის 26 აპრილს, შესაბამისი ინსტრუქციის გათვალისწინებით, კომპანია „ტრესის“ წარმოების, ფერომონიანი სატყუარის, მწვანე კორპუსისა და ყვითელი ფერომონსამაგრის მქონე 10 რაკეტისებური ხაფანგი (Rescue trap) განლაგდა. ხაფანგებს შორის მინიმალური მანძილი 50მ, ხოლო მიწიდან დაშორება 1-1,5მ. ყოველკვირეული მონიტორინგისას ხაფანგში ნაპოვნ მწერებს ეტიკეტირებულ სპირტიან სინჯარებში ვათავსებდით და ლაბორატორიაში აღრიცხვისთვის, გამოსაკვლევად და იდენტიფიკაციისათვის მიგვქონდა. იდენტიფიცირებისთვის ძირითადად მიკროსკოპს ვიყენებდით, რითაც მწერების, თვალით რთულად შესამჩნევ მორფოლოგიურ ნიშნებს ამოვიცნობდით. მონაცემებს ჟურნალში აღვრიცხავდით და მწერებს, უკვე დახარისხებულ ფორმაში, სპირტიან სინჯარებში ვათავსებდით. ჩვენს მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, კვლევის განმავლობაში (14/05/2021-26/06/2021), ხეშეშფრთიანთა რიგიდან-ულვაშფირიტოვანი და ცხვირგრძელასებრი ხოჭოები, ასევე ორფრთიანის, სიფრიფანაფრთიანების, ნახევრად-ხეშეშფრთიანების და ქერცლფრთიანიების რიგების წარმომადგენლები აღირიცხნენ, საიდანაც, არც ერთი ულვაშფირფიტოვანი არ აღმოჩნდა იაპონური ხოჭო-Popillia japonica, შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ამ მწერის ინვაზია არ დასტურდება. რაც შეეხება სიფრიფანაფრთიანების შეხვედრის სიხშირეს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მათ არა ფერომონი, არამედ ხაფანგის მკვეთრი ყვითელი ფერი იზიდავდა, ვინაიდან ცნობილია, რომ ყვითელი ფერი განსაკუთრებით მიმზიდველია მწერების მრავალი ჯგუფისთვის.