ავტორიზაცია
რეანიმაციული პაციენტებისგან აღებული ნიმუშებიდან (სისხლი, ნახველი, ქირურგიული ჭრილობა, შარდი) გამოყოფილი Klebsiella pneumoniae–ს რეზისტენტობა ანტიბიოტიკების მიმართ
ავტორი: ქეთევან ქიტოშვილიანოტაცია:
ანტიმიკრობული რეზისტენტობა წარმოადგენს გლობალურ პრობლემას და რჩება უმთავრეს გამოწვევად ჯანდაცვის სფეროში. ეს არის ბუნებრივი პროცესი და მას ხელს უწყობს ანტიბიოტიკების არამიზანმიმართული გამოყენება. ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის პრობლემა არ არის ახალი. ის, სწორედ, იმ დღეს გაჩნდა, როდესაც პირველი ანტიბიოტიკი აღმოაჩინეს. თავად ალექსანდრ ფლემინგმა პენიცილინის აღმოჩენიდან მცირე ხნის შემდეგ შენიშნა, რომ ზოგიერთი მიკროორგანიზმი, რომლებზეც, თავდაპირველად, ანტიბიოტიკი ზემოქმედებდა, მის მიმართ უგრძნობი გახდა. 1946 წელს პენიცილინისადმი რეზისტენტული იყო იმ დროს გავრცელებული მიკრობების 6%, ხოლო, 1964 წელს, უკვე - 60%. ჩვენი მიზანია შევისწავლოთ Klebsiella pneumoniae-ს რეზისტენტობა ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ. ბაქტერიის შტამების გამოყოფა ხდება რეანიმაციული პაციენტებისგან აღებული ნიმუშებიდან, რაც მიუთითებს, იმაზე რომ საქმე გვაქვს კლინიკურ შტამებთან, რომელთა რეზისტენტობა ყოველთვის განსხვავდება ველური შტამების რეზისტენტობისგან. WHO-ის დავალებით 2018 წლიდან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის ზოგადი ბაქტერიოლოგიის ლაბორატორიის მიერ ხდება საქართველოს მასშტაბით ბაქტერიოლოგიურ ლაბორატორიებში გამოყოფილი მიკროორგანიზმების Staphylococcus aureus, Escherichia coli, Klebsiella pneumonia, Streptococcus pneumonia, Acinetobacter baumanii/calcoaceticus, Enterococcus faecalis/faecium ანტიბიოტიკომგრძნობელობის ტესტის შედეგების მონაცემების შეგროვება და გაგზავნა. ჩვენთვის საინტერესო აღმოჩნდა Klebsiella pneumonia, რომელიც შედის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კლინიკური მნიშვნელობის პათოგენების ჯგუფში. ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ მგრძნობელობის შესწავლა მიმდინარეობს აგარში დიფუზიის მეთოდით. გამოყენებულია Keurby-Bauer-ის ანტიბიოტიკების დისკოების ტესტი და მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაციის განმსაზღვრელი ანტიბიოტიკის სხვადასხვა კონცენტრაციით გაჟღენთილი ზოლები E-ტესტი. ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ მგრძნობელობის შესწავლა და ინტერპრეტაცია ხდება ევროპული სტანდარტის EUCAST მიხედვით.