ავტორიზაცია
სამაგიდო მინიატურული ბირთვულ მაგნიტური რეზონანსის ხელსაწყოს შეფასება სწრაფი სტრუქტურული ინფორმაციის მიღების მიზნით
ავტორი: ეკა ნადირაძეანოტაცია:
ბოლო ათწლეულების განმავლობაში მაგნიტის ახალი დიზაინის შექმნამ და ბმრ ინსტრუმენტების დახვეწამ ბირთვულ მაგნიტური რეზონანსის სპექტროსკოპიის აპარატურას ახალი კლასი შესძინა სამაგიდო ხელსაწყოების სახით. სტანდარტული ბმრ სპექტრომეტრებისაგან განსხვავებით, რომლებშიც კრიოგენული მაგნიტები გამოიყენება, სამაგიდო ბმრ ხელსაწყოებში იყენებენ მუდმივ მაგნიტებს. სამაგიდო ბმრ ხელსაწყოები გაცილებით იაფი და კომპაქტურია, რის გამოც მათი დამონტაჟება თავისუფლადაა შესაძლებელი ისეთ ადგილებში და დაწესებულებებში, სადაც სტანდარტული ბმრ სპექტრომეტრების გამოყენება ვერ ხერხდება ფასის გათვალისწინებით, ან ფიზიკური შეზღუდვის გამო. გარდა ამისა, სამაგიდო ბმრ ხელსაწყოების მომსახურება იაფი (არ საჭიროებს თხევად აზოტსა და თხევად ჰელიუმს) და ადვილია, რაც შესაძლებელს ხდის ამ ხელსაწყოს გამოყენებას სასწავლო ლაბორატორიებში და ასევე იმ სპეციალისტების მიერ, ვისაც არ აქვთ სპეციალური განათლება ბმრ ხელსაწყოების მომსახურეობის მიმართულებით. დღეისათვის სამაგიდო ბმრ ხელსაწყოები სწრაფად ინერგება როგორც სამეცნიერო, ისე სასწავლო ლაბორატორიებში. სამაგისტრო ნაშრომის მთავარ მიზანს წარმოადგენდა სამაგიდო მინიატურული 60 მეგაჰერციანი ბირთვულ მაგნიტური რეზონანსის ხელსაწყოს შედარება სტანდარტულ 400 მეგაჰერციან ბმრ სპექტრომეტრთან სწრაფი სტრუქტურული ინფორმაციის მიღების მიზნით. ამ ამოცანის გადასაჭრელად გამოყენებულ იქნა თხუთმეტი სხვადასხვა ნივთიერება, რომელზეც ჩატარდა 1H, 13C, COSY და HSQC ექსპერიმენტები ორივე ხელსაწყოსთვის ერთი და იგივე სკანირებების რიცხვით. მიღებული შედეგებიდან გამომდინარე, პორტატული ბმრ ხელსაწყო წარმოადგენს სტანდარტული ბმრ ხელსაწყოების მისაღებ ალტერნატივას სწრაფი სტრუქტურული ინფორმაციის მიღების მიზნით.
მიმაგრებული ფაილები:
სამაგიდო მინიატურული ბირთვულ მაგნიტური რეზონანსის ხელსაწყოს შეფასება სწრაფი სტრუქტურული ინფორმაციის მიღების მიზნით [ka]