ავტორიზაცია
დაკლატასვირის კომპლექსწარმოქმნის კვლევა ზოგიერთ ციკლოდექსტრინთან ელექტროფორეტული და მიკროკალორიმეტრული მეთოდებით.
ავტორი: tata jangveladzeანოტაცია:
ანოტაცია სამაგისტრო ნაშრომის მიზანია დაკლატასვირის კომპლექსწარმოქმნის უნარის შესწავლა კაპილარული ელექტროფორეზის და მიკროკალორიმეტრული მეთოდების გამოყენებით. მოლეკულის ქირალობას უმეტესწილად განსაზღვრავს მასში ასიმეტრიული ნახშირბადატომის არსებობა. ფარმაკოლოგიურად და ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების უმეტესობა ქირალურია. ქირალური ცენტრის შემცველი სამკურნალო ნივთიერებების ნაწილი გამოიყენება რაცემატის სახით, რომლებიც ენანტიომერების ეკვიმოლური რაოდენობისგან შედგება. ენანტიომერები ხასიათდებიან ერთმანეთის მსგავსი ფიზიკური და ქიმიური თვისებებით, თუმცა ისინი შეგვიძლია განვასხვავოთ პოლარიზებული სინათლის ბრუნვის კუთხის ნიშნის მიხედვით. ენენტიომერები განსხვავებულად მოქმედებენ ბიოლოგიურ ორგანიზმზე, რადგან ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან ფარმაკოკინეტიკით, ტოქსიკოლოგიური და ფარმაკოლოგიური მოქმედებით, ასევე განსხვავებულია მათი მოქმედება ცილებთან და რეცეპტორებთან. სწორედ ამიტომ ზოგიერთი სამკურნალო საშუალება იწარმოება ერთი ენანტიომერის სახით. ადამიანის ორგანიზმი მძლავრ ქირალურ სელექტორს წარმოადგენს, ხოლო ენანტიომერები განსხვავებული ურთიერთქმედებით ხასიათდებიან ქირალური სელექტორის მიმართ, ამიტომ გამოიწვევს განსხვავებულ ფარმაკოლოგიურ ეფექტს. შესაბამისად, ეფექტი ერთი იზომერის შემთხვევაში შეიძლება იყოს სასურველი ფარმაკოლოგიური მოქმედება, ხოლო მეორე იზომერის შემთქვევაში კი ტოქსიკური მოქმედება. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ენანტიომერების დაყოფა და მათი მოქმედების შესწავლა. ქირალური ნივთიერებების დაყოფის მნიშვნელოვან მეთოდს წარმოადგენს კაპილარული ელექტროფორეზი. ამ მეთოდში ენანტიომერული დაყოფა შესაძლებელია ქირალური სელექტორების გამოყენებით. ქირალურ სელექტორებად უმეტესად გამოყენებულია ციკლოდექსტრინები, რომლებიც ენანტიოსელექტიურად გამოიცნობენ ენანტიომერებს გარდამავალი არაკოვალენტური დიასტერეომერული კომპლექსების წარმოქმნის გზით. კომპლექსწარმოქმნის მექანიზმის დასადგენად მნიშვნელოვანია თერმოდინამიკური პარამეტრების და მდგრადი კომპლექსის წარმოქმნისთვის საჭირო პირობების შესწავლა. იზოთერმული ტიტრაციის კალორიმეტრული მეთოდის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია პირდაპირი გზით განვსაზღვროთ თერმოდინამიკური მახასიათებლები: ენთალპია, ენტროპია, გიბსის თავისუფალი ენერგია და აქტიური ცენტრების რიცხვი. მეთოდის უპირატესობას წარმოადგენს ნივთიერებების მცირე დანახარჯი და ტექნიკური სიმარტივე. ჩვენი კვლევა ეხება დაკლატასვირის კომპლექსწარმოქმნის უნარს ზოგიერთ ციკლოდექსტრინთან. დაკლატასვირი წარმოადგენს HCV- ვირუსის 1 და 4 გენოტიპის სამკურნალო პრეპარატს, რომელმაც კაპილარული ელექტროფორეზის ექსპერიმენტში, ზოგიერთ ციკლოდექსტრინთან აჩვენა საკმაოდ უცნაური ქცევა.[1] ექსპერიმენტში ასახულია პლატოს ფენომენი, რაც დიდ ყურადღებას იქცევს. პლატოს ფენომენი ასახავს ნელ წონასწორობას, რაც არ არის დამახასიათებელი კაპილარული ელექტროფორეზისთვის. ჩვენი მიზანი იყო კაპილარული ელექტროფორეზის უკვე არსებული შედეგების შედარება მიკროკალორიმეტრული მეთოდის შედეგებთან. ანალიზის პროცესში გამოვიყენეთ: β- ციკლოდექსტრინი, γ- ციკლოდექსტრინი, ასევე ჰეპტაკის-2,3- დი-O-მეთილ- β- ციკლოდექსტრინი.
მიმაგრებული ფაილები:
დაკლატასვირის კომპლექსწარმოქმნის კვლევა ზოგიერთ ციკლოდექსტრინთან ელექტროფორეტული და მიკროკალორიმეტრული მეთოდებით. [ka]