ავტორიზაცია
დიმეთინდენის ენანტიომერების ციკლოდექსტრინებთან კომპლექსწარმოქმნის კვლევა ელექტროფორეტული და მიკროკალორიმეტრული მეთოდებით
ავტორი: ნინო მეგენეიშვილიანოტაცია:
მოლეკულის ქირალობა ხშირ შემთხვევაში დამოკიდებულა მასში ასიმეტრიული ნახშირბადატომის არსებობასთან. ასეთ მოლეკულას გააჩნია მისი სარკისებური გამოსახულება და მათ ენანტიომერები ეწოდებათ. ენანტიომერებს ერთნაირი ქიმიური და ფიზიკური თვისებები გააჩნია და მათი განსხვავება შესაძლებელია მხოლოდ პოლარიზებული სინათლის სიბრტყის ბრუნვის კუთხის ნიშნის მიხედვით. მიუხედავად იმისა, რომ ენანტიომერებს ერთნაირი ფიზიკური და ქიმიური თვისებები აქვთ, ფარმაკოლოგიური მოქმედებით მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. დღესდღეობით მედიცინაში გამოყენებული სამკურნალწამლო საშუალებების დიდი ნაწილი სწორედ ქირალური ნივთიერებებია, რომელთაგან მხოლოდ მცირე ნაწილი გამოიყენება სუფთა ენანტიომერების სახით. ენანტიომერები განსხვავებულად ურთიერთქმედებენ ქირალურ სელექტორებთან და რადგან ადამიანის ორგანიზმი ერთგვარ, მძლავრ ქირალურ სელექტორს წამოადგენს, ერთ-ერთმა ენანტიომერმა შეიძლება დადებითი გავლენა მოახდინოს შესაბამის პროცესზე, ხოლო მეორემ, ტოქსიკური მოქმედება გამოამჟღავნოს. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ენანტიომერული ნარევების დაყოფა. კაპილარული ელექტროფორეზი წარმოადგენს, ქირალური ნივთიერებების დაყოფის მეთოდს, რომელსაც მთელი რიგი უპირატესობები გააჩნია ქრომატოგრაფიულ მეთოდებთან შედარებით. პირველ რიგში ეს მეთოდი საკმაოდ მოქნილი და იაფია. გარდა ამისა, ის გამოირჩევა მაღალი ეფექტურობითა და ანალიზის ჩატარების მცირე დროთ. გარდა ენანტიომერების დაყოფისა, მნიშვნელვანია დავადგინოთ კომპლექსწარმოქმნის თერმოდინამიკური პარამეტრები და ზოგადად, კომპლექსის წამოქმნისათვის შევარჩიოთ ისეთი პირობები, სადაც მივიღებთ ყველაზე მეტად მდგრად კომპლექსს. მიკროკალორიმეტრული ექსპერიმენტი საშუალებას გვაძლევს პირდაპირი გზით განვსაზღვროთ ისეთი მახასიათებლები როგორიცაა: ენთალპია, ენტროპია, გიბსის თავისუფალი ენერგია და კომპლექსების სტექიომეტრია. ჩვენს სამუშაოში შესწავლილია დიმეთინდენის ენანტიომერების დაყოფა კაპილარულ ელექტროფორეზში ციკლოდექსტრინების გამოყენებით ქირალურ სელექტორებად და კომპლექსწარმოქმნის თერმოდინამიკული პარამეტრების კვლევა იზოთერმული ტიტრაციის კალორიმეტრიის გამოყენებით. ექსპერიმენტის მსვლელობისას ჩვენ გამოვიყენეთ როგორც ნატივური, ასევე მოდიფიცირებული ციკლოდექსტრინები. დიმეთინდენის შემთხვევაში მიგრაციის რიგის შებრუნება მოხდა ნატივური ბეტა ციკლოდექსტრინსა და მოდიფიცირებული ტრიმეთილ ბეტა (( ჰეპტაკის(2,3,6-ტრი-მეთილ)β-CD)) ციკლოდექსტრინს შორის.
მიმაგრებული ფაილები:
დიმეთინდენის ენანტიომერების ციკლოდექსტრინებთან კომპლექსწარმოქმნის კვლევა ელექტროფორეტული და მიკროკალორიმეტრული მეთოდებით [ka]